აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ჯგუფს პასუხობს - EWMI-ის განცხადებით, მათი საქმიანობა ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური იყო და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გაძლიერება.
ინსტიტუტი საუბრობს სამართლის უზენაესობის პროგრამას და კანონის უზენაესობის პროექტებზე, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საქართველოში ახორციელებს. 23 იანვარს ხალხის ძალამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში, "საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო".
"საქართველოში ინსტიტუტის საქმიანობის განსაკუთრებული აქცენტი იყო - მოსამართლეთა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება, სასამართლოს მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად სასამართლოს პასუხისმგებლობის გაზრდა და სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების შემცირება.
იურიდიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერით, ინსტიტუტი დაეხმარა იურისტთა ახალ თაობას, რომ ფლობდნენ პრაქტიკულ უნარებს და გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება კანონი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი. ინსტიტუტი ასევე დაეხმარა საქართველოში უფასო სამართლებრივი დახმარების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას, და მუშაობდა დაუცველთა, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.
ინსტიტუტმა დიდი სამუშაო გასწია და მისი საქმიანობა არასდროს არ ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებულ პირებს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, ინსტიტუტი და მისი პარტნიორები ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა უზრუნველყოთ გამჭვირვალობა საკუთარი საქმიანობის განხორციელების დროს.
ინსტიტუტი, გააგრძელებს არაპარტიული ხასიათის საქმიანობის განხორციელებას, საქართველოში კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად", - აღნიშნულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 იანვარს გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებაში ხალხი ძალა კვლავ ანტიდასავლური რიტორიკით საუბრობს და თავს ესხმის USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა, პროლოგი საქართველოში წლებია მოღვაწეობს და "სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს".
მათივე მტკიცებით, პროგრამის "მხარდაჭერით განხორციელდა ნაცმოძრაობის მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-05 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე განთავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა".
ხალხის ძალის განცხადებით, პროლოგი აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს - "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს "არაღიარების პოლიტიკას“, რაც კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა". მათივე მტკიცებით, "პროლოგის დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით".
"პროლოგის დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ თემის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან "შედარებით დეტალურ ინფორმაციას, რათა ვერავინ მიიტაცოს საქართველოს სასამართლო სისტემა და ვერავინ დააბრუნოს ის მანკიერება, რომელმაც 2004-12 წლებში ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა".